logo
ENG



პარლამენტმა "ოცნების" მიერ მომზადებულ ამნისტიის პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

27 მაი 202121:22
3 წუთის საკითხავი
 
პარლამენტმა "ოცნების" მიერ მომზადებულ ამნისტიის პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ვახო ქარელი/ფორმულა

საქართველოს პარლამენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ფრაქცია ქართული ოცნების მიერ მომზადებულ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

დოკუმენტის მომხრე 87 დეპუტატი იყო, 9 კი წინააღმდეგი.

საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის კანონპროექტის 2 ვარიანტია დარეგისტრირებული: ხელისუფლების და ოპოზიციის.

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოზიციების დაახლოების მიზნით დღეს მორიგი შეხვედრა გამართეს, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

ქართული ოცნების მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ამნისტია ვრცელდება აგრეთვე 19- 21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ დანაშაულის მომზადებაზე.

ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად კი, ამნისტია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელსაც აღნიშნული ქმედება ჩადენილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს.

კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული პირების ამნისტირებისთვის, საჭიროა დაზარალებულის თანხმობა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა, რამდენიმე პუნქტს მოიცავს. ერთ-ერთი კი სწორედ 20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება.

 

close დახურვა